ექიმმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, დროებით ჩამოშორდეს სამუშაო პროცესს - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

23 მარტი 2019, 00:00 8976 ნახვა

29 წლის გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის მკურნალმა ექიმმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით ჩამოშორდეს სამუშაო პროცესს - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. 

ნინო ნიჟარაძე განმარტავს, რომ ზოგადად ექიმისთვის მუშაობის უფლების შეჩერება მანამდე ვერ მოხდება, ვიდრე არ დასრულდება საქმის დეტალური შესწავლა და არ დაიდება ექსპერტიზის დასკვნა.

ასევე, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ეს უფლებამოსილება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს.  ინფორმაციის მისაწოდებლად  მინისტრის მოადგილე გვიან ღამით ოჯახის წევრებს შეხვდა.  გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აქციებს ექსპერტიზის დასკვნამდე შეწყვეტენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობს. მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღეს ოჯახის წევრები მთელი დღის განმავლობაში აქციას მართავდნენ. ჯერ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მდუმარე აქცია გაიმართა, ოჯახმა მოგვიანებით ბაგრატიონის ქუჩაზე წრიული გადაკეტა, გვიან ღამით კი ცენტრალური მაგისტრალი.  ისინი მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მათთვის ცდნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი ქალის მკურნალ ექიმს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. 

ოჯახის წევრების თქმით მელანო ფუტკარაძე ექიმის დაუდევრობასა და არაკვალიფიციურობას შეეწირა.  დაღუპული სამი დღის წინ „მედცენტრში“ მუცლის ღრუს მწვავე ტკივილებით მიიყვანეს, სადაც ბრმა ნაწლავის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ოჯახის მტკიცებით ქირურგიული ჩარევა უკვე დაგვიანებული იყო.

ვინაიდან, გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე  მელანო ფუტკარაძეს არაკვალიფიციური სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. შეკრებილებმა ექიმის ლიცენზიის შეჩერება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციები დაანონსეს. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს  ხვალ დაკრძალავენ. 

 

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში