უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევისთვის სუს-ს სასამართლოში უჩივლეს

27 მარტი 2019, 00:00 1242 ნახვა

თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საქმეზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ღირსება შელახვა.

საკითხზე ოჯახი პირველივე დღეებიდან, საერთო სასამართლოებში დავობს.  EMC-ს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე მხარის პოზიციები არ გაიზიარა და საქმეში უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ დაადგინა.

''სუს გამოძიების საწყის ეტაპზევე ცდილობდა თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას, რაც უწყების თანამშრომლების მიერ სპეცოპერაციის დროს ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის და ოჯახის პროტესტის მიმართ საზოგადოების ნდობისა და სოლიდარობის დასუსტების მცდელობას უფრო წარმოადგენდა. თბილისის საქალაქო სასამართლო მხოლოდ ფორმალური მსჯელობით შემოიფარგლა. კერძოდ. სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ „თავისთავად ის ფაქტი, რომ ბრიფინგის მსვლელობისას [სუს-ის მიერ] გამოყენებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედების აღმნიშვნელი ტერმინი, ამასთან, სიტყვა ,,დადგენილია“, გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით, ვერ შეფასდება პირის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად, ვინაიდან ბრიფინგის მსვლელობისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი იყენებს ტერმინს ,,გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია“, მიუთითებს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იმ ეტაპისთვის მოპოვებულ მტკიცებულებებზე, ამასთან საუბარია, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, აღნიშნული კი ემსახურებოდა საზოგადოების ინფორმირებულობას ქვეყანაში მიმდინარე და ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თავისი არსითა და გამოხატვის ფორმით არ შეიძლება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად დაკვალიფიცირდეს '' - წერია განცხადებაში. 

მესამე სექტორის წევრები ამბობენ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სათანადო დათქმის გარეშე, მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე. 

''წარმოადგინა ფრაგმენტული ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც მასში წარმოდგენილი ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას იძლეოდა და მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს არ განმარტავდა. აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის და პრობლემატიკის განცხადებები შემდგომში სხვა საჯარო პირებმაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთეს, რაც მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოაჩენდა და ნეგატიური წარმოდგენების კულტივირებას ახდენდა'' - განმარტავენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში.

ამავე კატეგორიაში