აჭარის მთავრობაში რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს დახურულ ფორმატში ხვდებიან

11 აპრილი 2019, 00:00 1524 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში დახურულ ფორმატში ხვდებიან, რეპრესიების დროს, 1937-38 წლებში, დახვრეტილი მოქალაქეების ოჯახის წევრებს. შეხვედრაზე სრულიად საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძეს იმყოფება. 

შეხვედრა დაახლოებით 20 წუთის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძესთან ხუთი ოჯახის წარმომადგენელია შესული. 

პარალელურად შეხვედრა იწყება მუსლიმთა კავშირის შენობაში, სადაც ასევე რეპრესირებულთა შთამომავლები მივიდნენ. ოჯახები დნმ-ის ჩატარებას ითხოვენ. 

სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტის პოვნის შესახებ ინფორმაცია,  ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გაავრცელა.

ისტორიკოსები, რომლებიც აჭარაში რესპრესირებულთა საქმეს იკვლევდნენ, ამბობენ, რომ უმრავლესობა მუსლიმი იყო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული.

21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშთების პატივით დამარხვას გეგმავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში