განათლებისა და კულტურის სამინისტროს ისევ ყოფენ, გარემო დაცვის სამინისტრო კი დღის წესრიგში არ დგას 

20 იანვარი 2020, 11:55 1478 ნახვა

"მცირე მთავრობის" იდეა შეცდომა იყო და ერთ სამინისტროში განათლებისა და კულტურის მოქცევა არ იყო ეფექტური - ასე თვლიან დღეს გიორგი გახარიას მთავრობაში და წინა პრემიერის მიერ, გაერთიანებული ამ ორი სამინისტროს ისევ გაყოფის საკითხს აქტიურად განიხილავენ. 

პარლამენტის წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია.

„აქ იყო „მცირე მთავრობის“ იდეა, მაგრამ ის, რომ შეუერთებელი რაღაცები ერთად შევაერთეთ, ეს შეცდომა იყო, რა თქმა უნდა. მთელი ოკეანეა განათლება და ამისთვის კიდევ კულტურის მიწებება აბსოლუტურად ხელოვნური გამოდიოდა. სავარაუდოდ, ეს თებერვალში განხორციელდება და დადგენილებას მთავრობა მიიღებს“, - განაცხადა ქანთარიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ განათლების მინისტრის იდეაა, სპორტი განათლების სამინისტროში დარჩეს.

ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას გარემოს დაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისგან გამოყოფის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი სამინისტროს გაერთიანებას სამოქალაქო სექტორისა და გარემოს საკითხებზე მომუშავე პირების მხრიდან ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. გარემოს დაცვის კომიტეტმა მამუკა ბახტაძის ეს ინიციატივა ჩააგდო კიდეც, თუმცა პრემიერის იდეას უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა. 

მმართველი გუნდის კოალიციაში შემავალი "მწვანეთა პარტიის" წევრი, გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეკოლოგიური გამოწვევების ფონზე, დამოუკიდებელი და ძლიერი გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა მუშაობდეს, თუმცა ოფიციალურად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 

"გლობალური დათბობა, ასევე საქართველოში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები, მზარდია პრობლემები და მოსახლეობის დღის წესრიგში დგას უკვე, მაგალითად წელს გურიაში ვიყავი, სერიოზულია წყლის პრობლემა მაშინ, როცა საქართველო ჭარბწყლიანობით გამოირჩეოდა. ჭებშიც კი გამქრალია წყალი ამ რეგიონში, გვალვებია კახეთშიც კლიმატური ცვლილებების გამო, ახალი გამოწვევებია ქვეყანაში და ამას სჭირდება შესაბამისად პასუხობდეს სახელმწიფო.

რა თქმა უნდა ცალკე უნდა იყოს გარემოს დაცვის სამინისტრო. ჩვენ, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი წინააღმდეგი ვიყავით კიდეც ამ გაერთიანების და დიდი დაძაბულობაც კი მოხდა, რომ ასეთი წინააღმდეგობა გავწიეთ. თუმცა, პროექტი საბოლოოდ მაინც დამტკიცდა," - ამბობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გია გაჩეჩილაძე. 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში