ავღანეთში მისიის შესრულებისას მძიმედ დაჭრილი სამხედრო ივერი ბუაძე „მხედრული მამაცობისთვის“ უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა. მას ასევე მიენიჭა კაპიტნის წოდება.
ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო. მან მკურნალობისა და შემდგომში სამედიცინო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გერმანიაში აშშ-სა და საქართველოში გაიარა. ამჟამად იგი თავდაცვის აკადემიაში ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორად მუშაობს.