საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი, 25 ათასი დოზა შემოვიდა

12 ოქტომბერი 2020, 12:34 1214 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში უკვე შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული წარმოების ვაქცინა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა დანარჩენი 110 ათასი დოზა ვაქცინა.

"გუშინწინ შემოვიდა, გუშინ დასაწყობდა, პირველი დოზა – 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო, 4-ვალენტიანი, ფრანგული წარმოების ვაქცინა, რომელიც დღეს უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ სახელმწიფოს 135 ათას დოზაზე გვაქვს კონტრაქტი და კიდევ 110 ათასი დოზა შემოვა 23 ოქტომბრისთვის. ამიტომ პირველ ეტაპზე, 25 ათასი დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე უფრო მაღალი რისკჯგუფებისთვის და პოლიკლინიკებში აიცრებიან ყველაზე უფრო მაღალი რისკჯგუფები.

ესენი არიან ორსულები, მოხუცთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სახლების ბინადრები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, შიდსიანი ავადმყოფები, რომლებიც იმყოფებიან მკურნალობაზე, ასევე ჰეპატიტიანი ავადმყოფები, ვინც მკურნალობს და დიალიზით ავადმყოფები. სანამ მეორე დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან ეს ჯგუფები.

23 ოქტომბრიდან აიცრებიან დანარჩენი დიდი რისკჯგუფები. ესენი არიან სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, ასევე სხვა ქრონიკული დაავადებების მქონეები, რესპირაციული დაავადებები, ასთმა, 65 წელს ზემოთ თანმხლები დაავადებები ვისაც აქვს, ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებები მქონე პაციენტები 45 წელს ზემოთ"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ გარდა 135 ათასისა, სახელმწიფომ კიდევ დამატებით 100 ათასი დოზის მობილიზაცია გააკეთოს, რომლის შემოსვლის ალბათობა არის ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის შუა რიცხვები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში