ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად აირჩიეს

08 ნოემბერი 2020, 12:09 900 ნახვა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა, ჯო ბაიდენმა დაამარცხა რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ასეთია კენჭისყრის შედეგების მიხედვით ამერიკის უმსხვილესი მედია-ორგანიზაციების დასკვნა. ვიცე-პრეზიდენტი იქნება კამალა ჰარისი, პირველი ქალი, პირველი აფრიკელ-ამერიკელი და პირველი აზიელი ამ თანამდებობაზე. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატში, პენსილვანიაში ხმების უმრავლესობა დააგროვა. ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 273 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია.  არჩეულმა პრეზიდენტმა  მოსახლეობას დელავერის შტატის ქალაქ ვილმინგტონიდან მიმართა.  „დროა, უხეში რიტორიკა გვერდზე გადავდოთ, დავწიოთ ტემპერატურა, ისევ დავინახოთ ერთმანეთი, მოვუსმინოთ ერთმანეთს, მივაღწიოთ პროგრესს; დროა, შევწყვიტოთ ჩვენი ოპონენტების მტრებად აღქმა, ისინი ჩვენი მტრები არ არიან, ისინი ამერიკელებია, მივმართავ მათ, ვინც ხმა პრეზიდენტ ტრამპს მისცა, მესმის, რომ დღეს იმედგაცრუებული ხართ. მეც წამიგია რამდენჯერმე, მაგრამ მოდით, მივცეთ ერთმანეთს შანსი – განაცხადა ჯო ბაიდენმა და  პირობა დადო, რომ იქნება პრეზიდენტი, რომელიც მოსახლოებას არ დაყოფს, არამედ გააერთიანებს. არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა. „ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რატომ ჩქარობს ჯო ბაიდენი თავისი თავის გამარჯვებულად გამოცხადებას და რატომ ცდილობენ დახმარებას მისი მედიამოკავშირეები, მათ არ უნდათ სიმართლის გამჟღავნება. ფაქტია, რომ ეს არჩევნები ჯერ არ დასრულებულა“,- აცხადებს დონალდ ტრამპი. ტრამპი ასევე აცხადებს, რომ ორშაბათიდან ის და მისი კამპანია სასამართლო პროცესებს წამოიწყებენ, რათა უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის დაცვა და კანონიერი გამარჯვებულის გამოცხადება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში