ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

25 თებერვალი 2021, 17:48 898 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო.

მელიას ადვოკატების საჩივრის მიხედვით, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა ბასილაია მათი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.

"სააპელაციო სასამართლომ მაქსიმალურად გაწელა დრო, ელოდებოდა პოლიტიკური ნების მიღებას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო და ვიდრე ეს ინფორმაცია მათამდე არ იყო დასული, შეეცადა იქამდე გადაწყვეტილება არ გამოეცხადებინა. ფაქტია, რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე კვლავ აგრძელებს კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ქართულ საზოგადოებასთან და კანონთან“- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ადვოკატის თქმით თუ პოლიტიკური ნება შეიცვლება პროკურატურას შეუძლია შეიტანოს შუამგდომლობა გათავისუფლებაზე და სასამართლო იმ დღესვე მას დააკმაყოფილებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი