ნაგავსაყრელთან ახლოს მცხოვრები მოქალაქეები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ

15 მარტი 2021, 12:53 1040 ნახვა

აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან, დღეს აქცია გაიმართა. ნაგავსაყრელთან ახლოს მცხოვრები მოქალაქეები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ამბობენ, რომ სახიფათო ზონაში ცხოვრობენ, ანტისანიტარიულ გარემოში ცხოვრება კი მათი შვილების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. 

მათი ნაწილი ხელისუფლებას თხოვს, ბათუმის მერიის ,,იაფი სახლი'' პროექტში ჩართვის საშუალება მისცეს. 

''ოცი წელია ნაგავსაყრელთან ახლოს მარტო ვცხოვრობ, ოჯახის ნაწილი ქირით გავიყვანე, ბავშვები არიან და ასე ყოფნა წარმოუდგენელია. 200 ლარს ვიხდით ბინაში, ქირის თანხას სოციალურ სახლში გადავიხდი და ''იაფ სახლში'' ვიცხოვრებ. ხალხს, რომ დაეხმარონ ამ კუთხით ხომ შეიძლება. სოციალური დახმარებაა ჩემი შემოსავალი, რომლითაც ბინის ქირას ვიხდით. თუ ამინდია ნაგავსაყრელზე ვეძებ რკინის ნაკეთობებს და ვყიდი, ბევრი ადამიანი გამოდის და ასე ირჩენს თავს'' - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილი კი გონიოში საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დაკანონებას ითხოვენ.  ამბობენ, რომ მათი ოჯახები წლებია იქ ცხოვრობენ, თუმცა ნაკვეთები რეგისტრაციაში არ აქვთ.

აქციის მონაწილეები აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ მათგან მხოლოდ დაპირებები მიიღეს.

აქციის მონაწილეებთან ერთად უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. 

აჭარის მაუწყებელი ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში