ბობოყვათში აქციის მონაწილეებმა ტერიტორია სიმბოლურად შემოსაზღვრეს - ისინი მიწის აუქციონის წესით გასხვისებას აპროტესტებენ

15 ივნისი 2021, 17:25 2044 ნახვა

ბობოყვათში მოქალაქეები კვლავ საპროტესტო აქციას მართავენ და სანაპიროს გასწვრივ მიწების, აუქციონის წესით, გასხვისებას აპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეებმა ტერიტორია სიმბოლურად ხის ჯოხებით შემოსაზღვრეს. ამბობენ, რომ ინვესტორს აღნიშნულ მონაკვეთზე შესვლის უფლებას არ მისცემენ.

''ხელისუფლებისათვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა. ვითხოვდით შეხვედრას, რომელიც არ შედგა, ამიტომ გადავწყვიტეთ პროტესტის ამ ფორმისთვის მიგვემართა'' - განაცხადა აქციის მონაწილემ.

''ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას'' და ''ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან'' - ეს არის წარწერებია ბანერზე, რომელიც მოქალაქეებმა აქციაზე მიიტანეს. 

ადგილობრივები აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ აუქციონი შეაჩეროს. ელექტრონულ აუქციონზე გატანილი 28,5 ჰექტარი, ქონების საწყისი ფასი 48 მილიონი ლარია. 

აუქციონზე გატანილ მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას 150-მდე ოჯახი აცხადებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს მათი მამა-პაპისეული მიწებია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია კი არქივიდან ამოიღეს, რომ დაპირების მიუხედავად, მიწების დაკანონება წლების განმავლობაში ვერ მოახერხეს.

​''წინა კვირას გვქონდა აქცია, მაგრამ პასუხად დუმილი მივიღეთ. ამ ქვეყანაში სამართალი თუ არსებობს დაგვიბრუნონ ჩვენი კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომ ოჯახები ვარჩინოთ'' - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

ბობოყვათის მკვიდრები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ და თუ აუქციონი არ შეჩერდება გეგმავენ აღნიშნულ ტერიტორიაზე კარვებიც გაშალონ.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში