ქობულეთში საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ ორი პირი დააკავა

04 დეკემბერი 2021, 22:29 2790 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ ორი პირი დააკავა, აქედან ერთ-ერთი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძეა.

მოქალაქეები ტერიტორიაზე სპეციალური ორმოების მოწყობას აპროტესტებდნენ, სადაც გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები უნდა ჩაიყაროს. მოსახლეობა ნარჩენებით დატვირთულ მანქანას ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც გზა გაათავისუფლა და სატვირთოს ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრის საშუალება მისცა, რასას მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების დროს პოლიციამ ორი პირი დააკავა. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება. 

"საცხოვრებელ სახლთან ახლოს მანდარინის ნარჩენების ნაგავსაყრელი გააკეთეს, რაც არ შეიძლება მომწამვლელია. ჩვენ ამ ტერიტორიით ვსარგებლობთ. მოსავალი მოგვყავს, საძოვრები გვაქვს. რაც შეეხება გზას ჩვენ არ გადაგვიკეტავს, მხოლოდ სატვირთოს მანქანას არ ვაძლევდით ტერიტორიაზე შემოსვლის საშუალებას, რის გამოც პოლიციამ დიაბეტიანი ადამიანი ძალის გამოყენებით გადაიყვანა ტერიტორიიდან. ხვალისთვის იქნება ფართომასშტაბიანი აქცია", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მოქალაქეები პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში