საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის პირველი პარტია ჩამოვიდა

22 მარტი 2022, 19:25 1062 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის, "პაქსლოვიდის" პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა.

მათივე განცხადებით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ.

"აქსლოვიდი“ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. „პაქსლოვიდის“ ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან. „პაქსლოვიდით“ მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი ხუთ დღეს მოიცავს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად, უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტებია განკუთვნილი. პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი აქვთ, როგორიცაა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმულები და ა.შ. პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება“, - აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი კომპანია "Pfizer"-მა შექმნა და ის აღიარებულია, როგორც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში