ფარული, ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამავრცელებლების ამოცანა იყო და ჯერ კიდევ არის საქართველოში ომის დაწყება - პრემიერი

27 აპრილი 2022, 15:47 1261 ნახვა

ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთ საუბრებსა და ჩანაწერებზე სპეკულირება და მით უმეტეს სერიოზული კომენტარის გაკეთება, - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერს, რომელზეც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარია აღბეჭდილი.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსგავსი ჩანაწერების გავრცელების მიზანი საქართველოში ომის დაწყებაა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამავრცელებლების ამოცანა იყო და ჯერ კიდევ არის საქართველოში ომის დაწყება. არიან რა გამწარებული და სასოწარკვეთილები, ცდილობენ მსგავსი სიყალბით საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მე მეტს არაფერს ვიტყვი. ეს ჩანაწერი არაფრისმთქმელია. საერთოდ. მსგავსი შინაარსის ჩანაწერებზე არ გავაკეთებ კომენტარს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არალეგალურ, არასანქცირებულ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე.

„ჩვენ არც ერთ იურიდიულ და ფიზიკურ პირს არ მივცემთ საშუალებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლით. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენ პარტნიორებთან და მინდა რომ ამ თემაზე ყოველგვარი სპეკულაცია დასრულდეს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში