''ზარალას პროექტი ბათუმს აზარალებს'' - რივიერას მშენებლობას თბილისში აპროტესტებენ 

20 იანვარი 2020, 11:28 1435 ნახვა

,,არა ბათუმის ჩაბეტონებას'', ''ნუ დააზარალებთ ბათუმს'', ''ვირჩევთ მწვანე ქალაქს და არა ბეტონის ჯუნგლებს'' - რივიერაზე დაგეგმილი ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია დღეს თბილისში, იუსტიციის სახლთან გაიმართა.

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „ახალგაზრდა მწვანეებია''. მათი თქმით, ბათუმის რივიერაზე ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა იმისა, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივ ინტერესს არ ითვალისწინებს. ბათუმში კი რეკრეაციული ზონებისა და მწვანე სივრცეების ნაკლებობაა. 

''ბათუმის რივიერაზე დაგეგმილია 5 ცათამბჯენის მშენებლობა, რომელიც ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის. ასევე შენდება მცოცავ მიწაზე და უამრავი პრობლემაა. ბათუმი უკვე განიცდის რეკრეაციული ზონების და მწვანე სივრცეების ნაკლებობას. მოსახლეობა ჩაბეტონების წინააღმდეგ გამოდის და აქტივისტები იბრძვიან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია ''მწვანე მომავალი'' შეიქმნა. ჩვენ ''ახალი მწვანეები'' სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც ბათუმის ჩაბეტონებას ებრძვის. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსგან მოვითხოვთ მშენებლობის ნებართვის გაუქმებას, როგორც იცით, ერთი ცათამბჯენის მშენებლობა ნებართვა უკვე გაცემულია. ეს სივრცე იყოს საჯარო, დაირგას ხეები და არა ერთი ადამიანის გიორგი რამიშვილის ან ბიძინა ივანიშვილის შემოსავლის წყარო, რომელიც მოსახლეობას ეკონომიკურ შედეგს არ მოუტანს.

დასაქმდება ძალიან ცოტა ადამიანი, რადგან იქ ძირითადად საცხოვრებელი კორპუსები იქნება და მხოლოდ ერთი კოშკი სასტუმროდ'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს აქციის მონაწილემ. 

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროსთან ხიდზე ბანერიც გადაფინეს, წარწერით  - არა ბეტონ-ყმობას.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ რივიერას ტერიტორიაზე ''სილქ როუდ ჯგუფს'' ერთი ცათამბჯენის მშენებლობის უფლება მისცა. ინფორმაციას კომპანიაში ადასტურებენ. გიორგი მარი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ნებართვა მხოლოდ 42 სართულიან შენობაზეა გაცემული, დანარჩენი 4 ცათამბჯენის მშნებლობის ნებართვის მიღებას ეტაპობრივად აპირებენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კონცხზე მიმდინარეობს ხიმინჯების განთავსების სამუშაოები, რომელიც ერთ თვეში დასრულდება. ცათამბჯენის მშენებლობას კი სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყებენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში