დამშვიდობება ელისაბედ II-თან

19 სექტემბერი 2022, 17:24 603 ნახვა

ლონდონში დედოფალ ელისაბედ II-ის გამოსამშვიდობებელი საჯარო ცერემონია დასრულდა, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა. დღეს დილით ვესტმინსტერის ჰოლში ბოლო სტუმრებმა მიაგეს პატივი დედოფალს, რის შემდეგაც იგი ვესტმინსტერის სააბატოში გადაასვენეს, სადაც სამეფო ოჯახის წევრების, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასისა და მისი რამდენიმე წინამორბედის, ასევე ასობით მაღალი თანამდებობის პირისა და უცხო ქვეყნების სამეფო ოჯახების წევრების მონაწილეობით პანაშვიდი  გაიმართა.  ელისაბედ II-ის სახელმწიფო დაკრძალვას 2 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ოფიციალურ ღონისძიებებზე რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები არ მიიწვიეს. იორკის ყოფილი არქიეპისკოპოსის თქმით,  დედოფალს სურდა, რომ ოფიციალური გამოსამშვიდობებელი ცერემონია არ ყოფილიყო  მოსაწყენი და მოსაბეზრებელი, არამედ ამაღელვებელი. პანაშვიდის დასასრულს დედოფლის სურვილისამებრ მისმა პირადმა მესაყვირემ პოლ ბერნსმა ტრადიციული სამგლოვიარო  სიმღერა "დაიძინე, ძვირფასო, დაიძინე" შეასრულა.უესტმინსტერის სააბატოდან გადასვენებისას „ბიგ ბენი“ ყოველ ერთ წუთში ერთხელ რეკავდა.  ველინგტონის თაღამდე დედოფალს 98 ბრიტანელი მეზღვაური მიასვენებდა.  შემდეგ  კატაფალკით დედოფალი უინძორის სასახლეში გადაასვენეს, სადაც ჩატარდება დაკრძალვის დახურული ცერემონია სამეფო ოჯახის წევრებისა და უახლოესი ნათესავების გარემოცვაში.  ელისაბედ II-ს  მისი მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით საღამოს დაკრძალავენ. ელიზაბეტ II-ის სახელმწიფო დაკრძალვა 1965 წელს დიდ ბრიტანეთში ყოფილი პრემიერ მინისტრის უინსტონ ჩერჩილის გარდაცვალების შემდეგ  ამ მასშტაბის სამოქალაქო დაკრძალვის პირველი ცერემონიაა, რომელიც უსაფრთხოების მკაცრი ზომებით მიმდინარეობს. დიდ ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვის დღე სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი დაემშვიდობა მონარქს. მათ ვესტმინსტერის სასახლეში მრავალკილომეტრიანი რიგში დგომა მოუწიათ. დიდი ბრიტანეთის დედოფალი 96 წლის ელისაბედ II 8 სექტემბერს შოტლანდიაში ბალმორალში გარდაიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში