კლინიკას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია გრიგოლ ნარსიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ჟვანიას კლინიკა

22 სექტემბერი 2022, 13:25 603 ნახვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა განცხადებას ავრცელებს, რომელიც ქუთაისში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის, გრიგოლ ნარსიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიცავს ინფორმაციას. 

"მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალში განხორციელებული თავდასხმის საქმეზე დაკავებული პირის გრიგოლ ნარსიას ადვოკატის განმარტების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დაკავებულმა მოტივთან დაკავშირებით, ბავშვის ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. შვილი გულის მანკითაა დაავადებული, 6 თვიდან მკურნალობს და ახლა 14 წლისაა, სარეაბილიტაციო კურსს ჟვანიას კლინიკაში გადის, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გულზე შუნტირება 6 თვის ასაკში აქვს გაკეთებული და ჟვანიას კლინიკაში ყოველწლიურად გადის სარეაბილიტაციო კურსს. მას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ ჰქონია“. 

ამ ინფორმაციაში დაშვებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისათვის მნიშვნელოვანი უზუსტობა; ვინაიდან ხსენებულ კლინიკაში არ მიმდინარეობს ბავშვთა კარდიოქირურგიული ოპერაციები და შესაბამისად, არ ტარდება რეაბილიტაციის კურსი, აქედან გამომდინარე, დაკავებულის, გრიგოლ ნარსიას შვილს ამ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გავლა არ შეეძლო და არც გაუვლია. 

ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, კლინიკას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია გრიგოლ ნარსიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ზემოთ მითითებული დიაგნოზით კიდევ ერთხელ უარყოფს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობის ფაქტს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში