მოვისმინე, თითქოს PSP-ს აფთიაქებში ეკითხებიან მომხმარებელს, ძვირი ხარისხიანი წამალი სურს, თუ უხარისხო თურქული, ამას რეაგირება სჭირდება - პრემიერი

28 ნოემბერი 2022, 14:48 584 ნახვა

საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე, რომელსაც გადამოწმება სჭირდება, თითქოს PSP-ს აფთიაქებში ეკითხებიან მომხმარებელს, ძვირი ხარისხიანი წამალი სურს თუ უხარისხო თურქული, ეს არის პირდაპირ მტრობა და რეაგირება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"მოგეხსენებათ, ზურაბ აზარაშვილი აქტიურად მუშაობს მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე. ეს რეფორმა ჩვენ დავიწყეთ გასული წლის იანვარში. ჩემი ინიციატივით, მაშინ გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ვთქვით, რომ ხარისხიანი წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც განხორციელდა წარმატებით. გახსოვთ, მაშინ სკეპტიკურად იყო განწყობილი ბევრი ადამიანი, არ სჯეროდათ ამ რეფორმის წარმატების. მახსოვს, ერთ-ერთი მთავარი მსხვილი შემომტანი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელიც ღიად აკრიტიკებდა ამ პროგრამას. მესმის, რომ ეს მათთვის საკმაოდ დიდი დარტყმა იყო, ვინაიდან წელიწადში დაახლოებით 200 მლნ ლარს დაზოგავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ რეფორმის შედეგად, მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგად. გაჩნდა უფრო მეტი კონკურენცია, შემოვიდა ხარისხიანი თურქული წამლები, რამაც საგრძნობლად გააიაფა ისინი. გახსოვთ, ბევრი კონკრეტული მაგალითები იყო, როდესაც წამალი ღირდა 200-300 ლარი, გაიაფდა და გახდა 30-40-50 ლარი.

რამდენიმე დღის წინ ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე და მინდა, პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია — PSP, თითქოს PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. მაგალითად, ინფორმაცია არსებობს, ამას, რა თქმა უნდა, გადამოწმება სჭირდება - როცა შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს, ეკითხებიან, რომელი სურს, ხარისხიანი ძვირიანი თუ უხარისხო თურქული. ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ეს არის პირდაპირ მტრობა. როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს. ამას სჭირდება რეაგირება. ამის თაობაზე მქონდა საუბარი ზურაბ აზარაშვილთან. მსგავსი ფაქტის გამეორების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ  შემთხვევას. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი, მიუღებელი. გასაგებია, რომ ეს 200 მლნ ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ, და მათ შორის ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, ეს მათთვის არ არის სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება, ყველას მინდა, შევახსენო, მათ შორის ოპოზიციასა და ოპონენტებს, არის ჩვენს ხალხზე ზრუნვა. რაც ხალხს სჭირდება, სწორედ ის უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში შემოდიოდეს და იწარმოებოდეს ხარისხიანი მედიკამენტები, მაგრამ მათი ფასი უნდა იყოს რაციონალური, გონივრული. არ შეიძლება, 200-300%-იანი მოგებით გაყიდო წამალი. ამ ერთ წელიწადში ეს პროცესი შევაჩერეთ. წელს უკვე 80 მლნ ლარამდე არის დანაზოგი, რომელიც ხალხმა ნახა ამ რეფორმის შედეგად. ჯამში, გაისად უკვე 200 მლნ ლარს გადააჭარბებს აღნიშნული რეფორმით მიღებული ეკონომია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში შეტანილია ახალი კანონპროექტი, რომელიც რეფერენტული ფასების დაწესებას ითვალისწინებს, რაც უკვე გაიაფებულ წამლებს დამატებით 40% მდე გააიაფებს. 

"ჩვენ პარლამენტში შეტანილი გვაქვს ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რეფერენტული ფასების დაწესებას, რაც დამატებით თითქმის 40% მდე გააიაფებს უკვე გაიაფებულ წამლებს. 40%-ით. ჯამში, ჩვენი საზოგადოება, მოსახლეობა, ძალიან დიდ თანხებს დაზოგავს. ამიტომ, ამას სჭირდება, მე იმედი მაქვს, ჩვენი პარლამენტის მხარდაჭერის, ამ ინიციატივის. ეს არ არის ჩვენს მიერ მოგონილი, ეს არის აპრობირებული ევროპული გამოცდილება, ჩვენ ევროპული ქვეყნებიდან გადმოვიღეთ აღნიშნული პრაქტიკა და ამ რეფორმასაც წარმატებით განვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში შემოდიოდეს და ასევე, იწარმოებოდეს ხარისხიანი მედიკამენტები, მაგრამ მათი ფასი უნდა იყოს რაციონალური და გონივრული. არ შეიძლება 200-300%-იანი მოგებით გაყიდო წამალი. აი, ეს პროცესი შევაჩერეთ ამ ერთ წელში, წელს უკვე 80 მილიონ ლარამდე არის დანაზოგი, რომელიც ჩვენმა ხალხმა ნახა ამ რეფორმის შედეგად და ჯამში, გაისად უკვე 200 მილიონ ლარს გადააჭარბებს აღნიშნული რეფორმით მიღებული ეკონომია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში