გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება - ირაკლი ღარიბაშვილი

05 დეკემბერი 2022, 14:52 671 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მისი გამტარიუნარიანობა საათში 18200 მგზავრი იქნება, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი.

„გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებას ვგეგმავთ, მისი გამტარიუნარიანობა საათში 18200 მგზავრი იქნება, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი. ასევე, ჩვენ დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი დამსვენებლებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა. ეს სისტემა დაეხმარება და უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და ტურისტებიც“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, დაიწყება ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია.

„ქუთაისის ოპერის რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ. ქალბატონი თეა იყო ჩასული ქუთაისში. ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. პროექტი შედგენილია და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ოპერის და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრს, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 21 მლნ ლარია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში