როდესაც აქ აქციას აანონსებ და შემდეგ მიდიხარ კიევში, რომ თავი გამოიჩინო, პირდაპირი ჩართვები განახორციელო, სწორედ ეს არის პარაზიტობა - შალვა პაპუაშვილი

23 თებერვალი 2023, 13:44 527 ნახვა

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველო იყო უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი, ჩვენ არც ერთხელ ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, იქნებოდა ეს სიტყვით თუ საქმით, – ამის შესახებ, ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს და დეპუტატებს შორის არის თბილი ურთიერთობები, რაც არაერთხელ დამტკიცდა.

„სოლიდარობის მხრივ, მგონი, როდესაც საუბრობთ უკრაინის პარლამენტზე, არ მოგისმენიათ რამე საყვედური მათი მხრიდან, პირიქით. ეს არის სამწუხარო, რომ ისევ ქართველი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ და სამწუხაროდ, ქართული მედია აღმოჩნდა ის სეგმენტი, რომელიც ამ თემის განსაკუთრებით გამწვავებას ცდილობს. ჩვენი პოზიცია, მათ შორის, მე პარლამენტის სხდომის დროსაც მოგახსენეთ და იცით. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ვიზიტით კიევში, ჩვენი უკრაინელი კოლეგების რამდენიმე ვიზიტით, ჩვენი მოწვევით და ჩამოსვლით აქ, საქართველოში, დავამტკიცეთ, რომ ჩვენს პარლამენტებს, კოლეგებს შორის ურთიერთობა არის ძალიან თბილი და ჩვენ ამ თბილ ურთიერთობას ვუფრთხილდებით...

 

როდესაც თქვენს სამშობლოს, თქვენს ქვეყანას, იმ პოლიტიკოსების, რომლებიც პარლამენტში არიან თუ პარლამენტს გარეთ, მათ სამშობლოს აბრალებენ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანს აწამებენ, ამ ქვეყანაში ვიღაცას აწამებენ და ყველამ რომ იცის, ეს არის ტყუილი და საერთოდ ხმას რომ არ იღებენ ჩვენი ოპონენტები და თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მხრივ ჩვენ გვერდით არ გვიდგანან, რათა დაიცვან საქართველო ამ პროპაგანდისტული შეტევისგან, ეს არის საწყენი. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში და მრავალჯერ მოხდა ეს, რომ საქართველო იყო უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი. მიუხედევად ამისა, ჩვენ არც ერთხელ ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, სოლიდარული ვყოფილიყავით მათ მიმართ, იქნებოდა ეს სიტყვით თუ საქმით. ეს არის, რასაც აჩვენებს საქართველო, რასაც აჩვენებს ქართველი ხალხი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება უკრაინაში წასვლის საკითხს, შალვა პაპუაშვილის თქმით, ბევრი „პარაზიტობს“ უკრაინაში ომის თემით და კიევში სწორედ ამ მიზნით ჩადიან.

„რაც შეეხება იქ წასვლას, აკვირდებით ხომ, დღეს ბევრია, მათ შორის, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში, ვინც პარაზიტობს უკრაინაზე და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. სწორედ ეს არის პარაზიტობა, როდესაც ცდილობ, ეს ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. როდესაც აქ აანონსებ აქციას და შემდეგ მიდიხარ სხვა ქვეყანაში, უკრაინაში, კიევში იმისთვის, რომ იქ თავი გამოიჩინო, შემდეგ იქიდან ტელეფონით პირდაპირი ჩართვები განახორციელო და პირდაპირ იპარაზიტო უკრაინის ომის თემაზე, სწორედ იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც აქ აქციას აანონსებენ და შემდეგ იქ მიდიან, სწორედ ეს არის პარაზიტობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში