ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს პირი, რომელმაც მეგობარი მოკლა, გვამი კი ნაგვის ურნასთან დატოვა

08 ივნისი 2023, 10:58 788 ნახვა

ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე, რომელიც 2022 წლის 30 სექტემბერს მოხდა, ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

„სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. 2022 წლის 30 სექტემბერს, მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა.

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში