უკრაინის თავდაცვის ძალებმა, მოწინააღმდეგის 24 დრონი და 19 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს - უკრაინის გენშტაბი

16 ივნისი 2023, 10:01 548 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინაამდეგის 24 დრონი და 19 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს, 4 კი მიმართულებით მტრის 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ღამით რუსეთმა უკრაინაზე ირანული Shahed-ის ორი დრონის გამოყენებით მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ორივე მათგანი გაანადგურა.

"გასული დღის განმავლობაში მტერმა 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა Х-101/Х-555 და Х-59 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. გარდა ამისა, 60-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ჩვენი ჯარების პოზიციების და მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 80-ზე მეტჯერ გახსნეს.

სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში არიანი დაღუპულები და დაჭრილები, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰში დაზიანებულია სამრეწველო ობიექტები, ხერსონის ოლქში დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ გენშტაბში.

გასულ ღამეს, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 1 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 21-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაფიქსირდა 98 აფეთქება, დაშავდა 3 ბავშვი. 

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ამ დროისთვის, ყველაზე ცხელ წერტილად, კვლავ ბახმუტის, მარიინკის, ლიმანისა და ავდეევკის მიმართულებები რჩება, სადაც გასული დღის განმავლობაში 30-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში