საქართველოში 116 სატელევიზიო არხი და 43 რადიომაუწყებელია - კახა ბექაურმა პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიში წარადგინა

22 ივნისი 2023, 15:41 522 ნახვა

საქართველოს პარლამენტში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას კახა ბექაურმა მაუწყებლობის სფეროში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გასულ წელს საქართველოში 116 ავტორიზებული სატელევიზიო სამაუწყებლო არხი, 43 ლიცენზირებული რადიომაუწყებელი და 22 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი იყო.

მისივე თქმით, 2022 წელს მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობამ 755 ათასი შეადგინა, ხოლო ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, აბონენტების რაოდენობის ყოველწლიური საშუალო ზრდა 2.1%-ია. თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ, გასული წლის მონაცემებით, IPTV ტექნოლოგია მაუწყებლობის ტრანზიტის კვლავ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა და მისი წილი 81.3%-ს შეადგენს.

კომიტეტზე კახა ბექაურმა მაუწყებლობის სარეკლამო შემოსავლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წელს მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 79.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 73.6 მილიონი – სატელევიზიო კომერციული რეკლამის, 6.3 მილიონი კი რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალია.

მისივე განცხადებით,  გასულ წელს, მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 4.1 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით, 350 ათასი აბონენტით მეტია.

ბექაურის განცხადებით,  2022 წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1 080 000 შეადგინა.

„2021 წელთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა 70.6 ათასით გაიზარდა, რაც 7%-იან ზრდას გულისხმობს. ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან უკვე 2510 სოფელშია ხელმისაწვდომი“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, გასული წლის მონაცემებით, სამაუწყებლო სფეროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის, კერძოდ კი, სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა, ასევე არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსება წარმოადგენს.

„2022 წლის მონაცემებით, სპონსორობისა და პროდუქტის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო კომისიამ „TV პირველი“, „ტელეიმედი“, „აგრომედია“ და „სეზონი TV“ წერილობით გააფრთხილა. ხოლო პოლიტიკური რეკლამის არასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ გაფრთხილება მიიღეს, „მთავარ არხს“ კი ფინანსური ჯარიმა დაეკისრა, ვინაიდან ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევა უკვე ჰქონდა ჩადენილი“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

ბექაურის თქმით, სარეკლამო წესების დარღვევა სარეკლამო საქმისთვისაც დამაზიანებელია, რადგან დამკვეთები პროდუქტის განთავსებაში თანხის გადახდას ანიჭებენ უპირატესობას და შედეგად, კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლებიც მცირდება.

კახა ბექაურმა პარლამენტში 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას კომისიის მიერ განახლებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაზეც ისაუბრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში