საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვისა და გარე-ვაჭრობის ფაქტზე მუნიციპალურმა ინსპექციამ, ცენტრალური ბაზრისა და „ბათუმი პლაზა“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, უნებართვო კომერციული საქმიანობისთვის მოვაჭრეები გააფრთხილა - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, პროდუქციის უკანონო რელიზაციის მიზნით ტროტუარზე მოწყობილი უსახური კონსტრუქციები, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.
"უკანონო საქმიანობის აღკვეთის გაფრთხილების შემდგომ, გარემოვაჭრეების წინააღმდეგ გატარდება უფრო მკაცრი სამართლებრივი ღონისძიებები და უსახური სავაჭრო დახლების ტერიტორიიდან გატანა.
მუნიციპალური ინსპექციის, ადმინისტრაციული ზედამხედველობის ოპერატიული რეაგირების ჯგუფი, ეტაპობრივად უზრუნველყოფს ჭავჭავაძე-ლერმონტოვის, ინასარიძისა და სხვა ცენტრალურ ქუჩებზე უნებართვოდ, პროდუქციის რეალიზებაზე მონიტორინგს.
საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს 152² მუხლით, ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3 000, იურიდიულ პირთა დაჯარიმებას კი 4 000 ლარის ოდენობით", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.