16 წლის ბიჭის ე.წ. „ბანანზე“ დაღუპვის საქმე

27 იანვარი 2024, 20:10 438 ნახვა

თითქმის 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა „ბანანზე“ 16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი დაზარალებული არასრულწლოვანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. 

გამოძიების ინფორმაციით, დღეს დაკითხული არასრულწლოვანი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელიც ლუკა აბულაძესთან ერთად ბანანზე იმყოფებოდა. დაცვის მხარე არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს და არ ეთანხმება ზურაბ საღინაძის მიმართ წარდგენილ ბრალს.

პროკურორის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულმა არასრულწლოვანმა დაადასტურა, რომ ''ბანანზე'' მყოფი მოზარდები  ბრალდებულმა ჯერ ზღვაში გადაყარა, შემდეგ მიატოვა.

''ბანანზე'' მოზარდის დაღუპვის საქმეზე ზურაბ საღინაძეს ბრალდება 2-ზე მეტი პირის მიმართ, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობას ედავება. 

შემთხვევა ბათუმში გასული წლის 4 ივლისს მოხდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 16 წლის ლუკა აბულაძე კიდევ სამ არასრულწლოვანთან ერთად ზღვაში კატერზე გამობმული „ბანანით“ გაიყვანა და მცურავი საშუალებიდან განზრახ გადააგდო. სამმა მოზარდმა სანაპირომდე გამოსვლა შეძლო, ხოლო 16 წლის ლუკა აბულაძე რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში