ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ხ. და ყაზახეთის მოქალაქე 1985 წელს დაბადებული ა.ვ. ბათუმში დააკავეს.
პოლიციამ, გ.ხ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული 10.47 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და 40 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.
ბრალდებული გ.ხ.-ს განმარტებით, მას ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს“ სარეალიზაციოდ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ვ აწვდიდა, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე, ამოღებულია 43 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი”.
პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.