პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიას და ბელგიას მიმართა

11 მარტი 2024, 19:54 302 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა,– ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.

„აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით“, – განაცხადეს პროკურატურაში.

6 მარტს ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას დაესწრო. 7 მარტს კი, ზურაბ ადეიშვილმა ბუნდესტაგის შემდეგ შეხვედრები ევროკომისიაშიც გამართა.

აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით, დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.

დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობამ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში