ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ბულვარის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგი განხორციელდა. ტერიტორიიდან აყვანილ უპატრონო შინაურ ცხოველებს ჩაუტარდება სტერილიზაცია-კასტრაცია-ვაქცინაცია, რევაქცინაცია.
მუნიციპალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დაბირკული და უვნებელი მიუსაფარი ცხოველი, კანონის შესაბამისად დაუბრუნდება აყვანის პირველად არეალს.
"მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს მერიის მიერ შპს „რესიკაბ“- თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს. ამ ეტაპზე 2160 შინაურ ცხოველს ჩაუტარდა მოვლა-პატრონობისთვის გათვალისწინებული ღონისძიება. 90 მიუსაფარი შინაური ცხოველი კი გაჩუქდა მზრუნველ პატრონზე.
პროექტი, წლის ბოლომდე უპატრონო ძაღლებისა და კატების, სულ 4700 ცხოველის მოვლა-პატრონობას ითვალისწინებს", - წერია მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.