თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

09 ივლისი 2025, 09:58 467 ნახვა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე ადასტურებს. 

მისივე თქმით, გადაყვანამდე თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილური იყო, ხოლო ჩატარებული კვლევების შედეგები, გაუმჯობესებული. როგორც ტურძელაძე განმარტავს, მისი თურქეთში გადაყვანა ოჯახის სურვილით განხორციელდა. ასევე აღნიშნავს, რომ ფრენისას პაციენტი მართვით სუნთქვაზე დარჩა, რაც მედიკოსების განმარტებით, სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებლობას წარმოადგენდა.

"წუხელ ღამის 2:00 საათზე თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილი იქნა სტამბოლის კლინიკაში. მისი მდგომარეობა ამის საშუალებას იძლეოდა, სტაბილური იყო. ტრანსპორტირება განხორციელდა საჰაერო გზით. თურქეთში გადაყვანა ოჯახის სურვილით მოხდა", - აცხადებს ლალი ტურძელაძე.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს. მას სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 
 
 
რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში