ახსნან, რატომ ფინანსდება ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში აქციებზე ხელისუფლების დამხობას ითხოვენ - პაპუაშვილი ევროკავშირს

12 ივლისი 2025, 16:38 133 ნახვა

იმ ანატომიის პირველადი მონაცემი გვაქვს, როგორ ფინანსდება ევროკავშირის მიერ ექსტრემიზმი საქართველოში, როგორ არის გადანაწილებული თანხები იმ ცნობილ ეჭვმიტანილებზე, რომლებიც გამოირჩევიან იმით, რომ პატივს არ სცემენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ კონსტიტუციას, კანონებს და, რაც მთავარია, „ენჯეოები“ ორგანიზებას უწევენ აქციებს, სადაც მოთხოვნად ჟღერდება ხელისუფლების დამხობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ბურთი ევროკავშირის და ევროკავშირის საელჩოს მოედანზეა, რომ ახსნან, რატომ ფინანსდება ის ორგანიზაციები, რომლებიც ამაში არიან ჩართული.

„ევროპარლამენტში ოპოზიციურმა ჯგუფებმა გამოიყენეს სადეპუტატო შეკითხვის შესაძლებლობა. მანამდე მიმართავდნენ, თუმცა ევროკომისია არ აძლევდა ინფორმაციას, შემდეგ კომიტეტების მეშვეობით გამოითხოვეს ინფორმაცია, თუ ვის აფინანსებს ევროკავშირი. ევროკომისია იძულებული იყო, გაეცა პასუხი და ამ პასუხებიდან გამომდინარე შეიქმნა მონაცემთა ბაზა, სადაც ვხედავთ, რასაც აქამდე გვიმალავდნენ, მათ შორის ევროკავშირის საელჩო უარს ამბობდა ამის გასაჯაროებაზე. ახლა გვაქვს პირველადი ინფორმაცია, თუ რომელ ორგანიზაციებში მიდის აქ თანხები, რომელთა დაკავშირებითაც იყო დავა – „საფარმა“ 900 000 თუ 200 000 აიღო. საბოლოოდ მოუწიათ თავად გაესაჯაროებინათ, როგორ ნაწილდებოდა ეს თანხა. უარესი გავიგეთ, აღმოჩნდა, რომ ეს 900 ათასები, ორმილიონიანი პროგრამები, ნახევარმილიონიანი პროგრამები გადანაწილებულია იმ რადიკალურ, პოლიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც, მოქალაქეები ხედავენ, რომ გამოირჩევიან სახელმწიფოზე თავდასხმით, გამოირჩევიან სიძულვილის ენით, გამოირჩევიან დეზინფორმაციით და გამოირჩევიან ადამიანის უფლებების უპატივცემულობით. ამ ანატომიის პირველადი მონაცემი გვაქვს, როგორ ფინანსდება ექსტრემიზმი საქართველოში, როგორ არის გადანაწილებული ეს თანხები, ასე ვთქვათ, იმ ცნობილ ეჭვმიტანილებზე, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან იმით, რომ არ სცემენ პატივს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ კონსტიტუციას და კანონებს და, რაც მთავარია, ეს „ენჯეოები“ ორგანიზებას უწევენ აქციებს, სადაც მოთხოვნად ჟღერდება ხელისუფლების დამხობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, სწორედ ამაში იხარჯება დღეს ევროკავშირის ფული, რაზეც განმარტება უნდა გააკეთოს ევროკავშირის საელჩომ და ბრიუსელმა.

„ახლა ბურთი უკვე ევროკავშირის მოედანზეა, ევროკავშირის საელჩოს მოედანზე, ახსნას, რატომ აფინანსებდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაში არიან ჩართული. გარდა ამის, გაირკვა, რომ 2022 წლის ივნისში, როდესაც სცენაზე დადგნენ „ენჯეოები“ და ითხოვდნენ, რომ მთავრობა დაკომპლექტებულიყო მათი მონაწილეობით და მათი ვეტო-ს უფლებით, ნახეთ, იმ სცენაზე ვინ იდგა, ყველა ეს „ენჯეოა“ ამ სიაში. ეს დაფინანსება ეხება, მათ შორის, 2022 წელს. გამოვიდა, რომ ევროკავშირმა ჯერ არ მოგვცა კანდიდატის სტატუსი აბსოლუტურად უსამართლოდ და არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ არ მოეცა, შემდეგ მისივე დაფინანსებული „ენჯეოები“ დააყენა სცენაზე ბრიუსელმა და აპირებდა ხელისუფლების ჩანაცვლებას „ენჯეოებით“. ამ მონაცემთა ბაზიდან ეს გავარკვიეთ, ამაზე უნდა განმარტება გააკეთონ ევროკავშირის საელჩომ და ბრიუსელმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში