2021 წლიდან საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.5%-ს აღემატებოდა, გასულ წელს იყო 9.5%, წლევანდელი წელი 11.1%-ით დავიწყეთ, რაც ნიშნავს, რომ თანმიმდევრულად ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის ტენდენციას - პრემიერი

15 ოქტომბერი 2025, 16:05 114 ნახვა

მრავალი პრიორიტეტი გვაქვს და მათგან ერთ-ერთი მთავარი საქართველოს ეკონომიკური ზრდაა. 2021 წლიდან საქართველოში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.5%-ს აღემატებოდა, გასულ წელს 9.5% იყო, ხოლო წლევანდელი წელი 11.1%-ით დავიწყეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თანმიმდევრულად ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის ამ ტენდენციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

„ძალიან ლიბერალური ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკა გვაქვს. საქართველოში ხელსაყრელი გარემოა ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ხელისუფლება ძალას არ იშურებს ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად, ვახორციელებთ ინვესტიციებს საქართველოს დაკავშირებადობის უნარის გაძლიერებაში, რაც ჩვენი კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ზრდის ჩვენი დამაკავშირებელი ფუნქციის სიძლიერეს და ჩვენ მას ვიყენებთ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. გვსურს, რომ საქართველოს ეს ფუნქცია გავაძლიეროთ შუა დერეფნის კონტექსტში.

 

ამ მიზნით, დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში. ვაშენებთ ახალ მაგისტრალებს, რომლებიც მთელ ქვეყანას მოიცავს. წლის ბოლომდე დასრულდება თბილისიდან აჭარამდე ავტომაგისტრალის მშენებლობა. იგეგმება, მაგისტრალების მშენებლობა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე გაგრძელდეს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ინვესტიციები ხორციელდება რკინიგზისა და აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

„ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზისა და აეროპორტების ინფრასტრუქტურაში და მალე დავიწყებთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას თბილისში. თბილისის ამჟამინდელი აეროპორტი, დაახლოებით, 4 მლნ მგზავრზეა გათვლილი, ხოლო ახალი აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მოემსახურება. საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად, სტაბილურად იზრდება და ახალი აეროპორტი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ჩვენი მიზანია, საქართველო იქცეს რეგიონის ცენტრად როგორც ტურიზმის, ისე სხვა მიმართულებებით. ასევე ვაფართოებთ ქვეყანაში სიდიდით მეორე აეროპორტის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობებს. ამისთვის შემუშავებული გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო. საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა ინვესტიციებისთვის კიდევ ერთი პრიორიტეტია, ვგეგმავთ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას ანაკლიაში, შავ ზღვაზე. თბილისის მშრალმა პორტმაც წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქვეყანა ინარჩუნებს კორუფციის დაბალ დონეს და ცდილობს, კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს საინვესტიციო კლიმატი.

„კარგად ვახერხებთ კორუფციის დაბალი დონის შენარჩუნებას და სხვადასხვა ინდექსის მიხედვით, უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს. ყველა ეს პირობა ქმნის შესაბამის სივრცეს პოტენციური ინვესტორებისთვის ბიზნესსაქმიანობის განსახორციელებლად. რეგულარულად ვავითარებთ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს, რათა სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიზიდოთ ინვესტორები. საქართველო ხელსაყრელ და მომგებიან გარემოს უზრუნველყოფს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად. შესაძლებლობები მორგებული გვაქვს ისეთი სექტორების მოთხოვნებზე, რომლებიც დაბეგვრის დაბალი განაკვეთით სარგებლობენ, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაციული ტექნოლოგიები.

ასევე, ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საინვესტიციო კლიმატი. საქართველოს კონსტიტუციაში გვაქვს დათქმა, რომლითაც გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის გარეშე არ შეიძლება. აქამდე არცერთი რეფერენდუმი არ ჩატარებულა, რაც მყარ სტაბილურობაზე და ინვესტორებისთვის უსაფრთხო გარემოზე მეტყველებს. ეს დათქმა ასევე არწმუნებს ინვესტორებს, რომ არსებული გადასახადების განაკვეთის ზრდა ან ახალი გადასახადის შემოღება კენჭისყრის გარეშე არ მოხდება. ასევე, მთავრობა ინვესტორების მიმართ მეგობრულად არის განწყობილი და ხშირად ვხვდებით როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ ინვესტორებს. მათთვის ადვილია მთავრობის წარმომადგენლებთან კონტაქტის დამყარება. კარგი პირობები შევქმენით საქართველოში სხვადასხვა ტიპის ბიზნესის განვითარებისთვის“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.



 

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში