სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
სააგენტოს განმარტებით, ყველა მათგანი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდა.
„აღსანიშნავია, რომ, დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, რეგისტრირებულია რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი 251 ბიზნესოპერატორი. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარება, ნიშნავს, რომ წარმოება შესაბამისი სტანდარტებით ხორციელდება.
თუმცა, გამოწვევად რჩება არარეგისტრირებული წარმოება, რომელთა გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრის მუდმივ კონტროლს ახორციელებს.
მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3600-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 36 არარეგისტრირებული წარმოება.
ქვემო ქართლში განხორციელებული შემოწმების შედეგად ამოღებული და დალუქულია დიდი რაოდენობით რძე და რძის ნაწარმი.
კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
ფიზიკური პირი გ. კ. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. რატევანი. ამოღებული და დალუქულია 150 ლიტრი რძე.
ფიზიკური პირი ც. მ. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფ. რატევანი. ამოღებული და დალუქულია 530 ლიტრი რძე და 100 კილოგრამი სულგუნი.
ფიზიკური პირი ც. მ. მისამართი: ბოლნისი, გრიგოლ ხანძთელის N11; ამოღებული და დალუქულია 500 ლიტრი რძე, 200 კილოგრამამდე ყველი და ნადუღი, 100 კილოგრამამდე სულგუნი, 40 ლიტრი -მცენარეული ცხიმი; 5 ტომარა რძის ფხვნილი(125 კგ).
ფიზიკური პირი პ. ა. მისამართი: ბოლნისი სოფ: რატევანი. ამოღებული და დალუქულია 400 ლიტრი რძე და 70 კილოგრამი სულგუნი“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.