ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება - გივი მიქანაძე

15 სექტემბერი 2025, 10:08 110 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე  მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო, მთელი გულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია – ჩვენი პატარები, პირველკლასელები პირველად შეაღებენ სკოლის კარს, მოსწავლეები და მასწავლებლები კი დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს.

ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. ამისთვის ჩვენ ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომ ყველა სკოლას ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო.

ახალ სასწავლო წელს ვხვდებით არაერთი განახლებული სკოლით და ეს არის სწორედ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების შედეგი, რომლებსაც სახელმწიფო როგორც განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ასევე სწავლისა და შრომის ღირსეული პირობების შესაქმნელად დგამს.

მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო სკოლის ყველა მასწავლებელს, დირექტორსა და თანამშრომელს, რადგან თქვენ უდიდესი წვლილი შეგაქვთ მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საქმეში და ეს შრომა მართლაც ფასდაუდებელია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ სწორედ განათლება არის ის ძალა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს. კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ საინტერესო, ნაყოფიერ და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს!“ – აღნიშნავს გივი მიქანაძე.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი