პოლიციამ კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, დაკავებულია ორი პირი

26 ოქტომბერი 2025, 14:59 113 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს, საიდანაც ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“ და „კლეფედრონი“, როგორც კრისტალის, ასევე სითხის სახით.

შსს-ს ცნობით, „კლეფედრონი“ წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში  ლეტალურ შედეგს იწვევს.

უწყების ცნობით, დაკავებულია ორი პირი.

„გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან, შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით, ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები 35 გრამამდე ალფა-პვპ, ნახევარ კილოგრამამდე „კლეფედრონი“ და ოთხ ლიტრამდე „მეფედრონის“ სითხე სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და სხვადასხვა ზომის მინის ქილები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე და 260-ე მუხლით მიმდინარეობას. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს – სამართალდამცავები განაგრძობენ ინტენსიურ და სისტემურ ღონისძიებებს ნარკოდამნაშავეების, განსაკუთრებით კი ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და მათი უმკაცრესად დასჯის მიზნით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე