მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს, პროკურატურა გირაოზე თანახმაა. "ლელოს" ლიდერებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. საუბარია საბოტაჟის, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გზით შეცვლის მოწოდების საქმეზე, რომელიც პროკურატურის მტკიცებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების პარალელურად მიმდინარეობდა. ცნობილია, რომ პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას არც სხვა ბრალდებულების მიმართ ითხოვს.
6 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალი უკვე გააცნეს, მათ ადვოკატებს კი საქმის მასალები დღეს უნდა გადაეცეთ. ახალი სისხლის სამართლის საქმის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგზე გუშინ ისაუბრა. გიორგი გვარაკიძემ 8 ოპოზიციონერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლად უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწყებული პროცესი დაასახელა.
პროკურორის თქმით, ქვეყნისთვის ომის ასარიდებლად შემუშავებული უსაფრთხოების პოლიტიკის წინააღმდეგ, ოპოზიცია აქტიურად იბრძოდა. ოპოზიციის ლიდერების მიმართ სისხლის სამართლის საქმეს ოპოზიციის წევრები პოლიტიკურ დევნად აფასებენ, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პროკურატურის განცხადება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.