კერძო რეპეტიტორებსა და მშობლებს შორის ურთიერთობები ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. ეს ვერ იქნება განმარტებული, როგორც პედაგოგიური საქმიანობა და მათზე ამ მიმართულების შეზღუდვები ვერ გავრცელდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონიამ განაცხადა.
ზვიად გაბისონიას განმარტებით, ორ ფიზიკურ პირს შორის თუ ხდება რაიმე ტიპის შეთანხმება საგანმანათლებლო ცოდნის გაზიარებასთან დაკავშირებით, ეს განათლების კანონმდებლობას სცილდება.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონმდებლობის შედეგად, განისაზღვრა გარკვეული ტიპის სფეროები, სადაც დამატებითი საქმიანობა დაშვებულია. მათ შორის განათლების სფეროში ასეთად განისაზღვრა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა. დამსაქმებლის თანხმობით პედაგოგებს, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დამატებით ეწეოდნენ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. რაც შეეხება საგამონაკლისო წესებს, მაგალითად, ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება მასწავლებლებთან და ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუთან დაკავშირებით. გვინდა, განვმარტოთ, რომ საქართველოს საგანმანათლებლო კანონმდებლობის მიხედვით, რეპეტიტორის დეფინიცია არ არსებობს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ვისაუბროთ გარკვეული ტიპის შეთავსებებზე ან თანხმობებზე, რადგან ასეთი ტიპის განმარტება კანონმდებლობაში არ არსებობს. შესაბამისად, ორ ფიზიკურ პირს შორის თუ რაიმე ტიპის შეთანხმება ხდება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მომსახურების გაწევა და საგანმანათლებლო ცოდნის გაზიარება, ეს განათლების კანონმდებლობას სცილდება. აქედან გამომდინარე, ის ვერ იქნება განმარტებული, როგორც შეთავსებითი ტიპის საქმიანობა. დამატებით გვინდა, განვმარტოთ, არსებობს ტრენინგცენტრები, რომლებიც საერთო ეროვნული გამოცდებისთვის ამზადებენ, ან იგივე უცხო ენის კურსები. ის თუ რეგისტრირებულია, მათ შორის არსებობს წერილობითი მომსახურების ან შრომითი ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ვრცელდება კანონის მოთხოვნები და აუცილებელი იქნება დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის გაცემა.
ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, რეპეტიტორის ინსტიტუტი დიდი ხანია, განმარტებული არ არის. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ტიპის პრაქტიკა 30 წელზე მეტია, არსებობს. განათლების რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური იდეა სწორედ ისაა, რომ სკოლებში ავაწყოთ ისეთი მოდელი, სადაც მშობლებს დამატებითი ანაზღაურების საფასურად, კერძო რეპეტიტორების დახმარება აღარ დასჭირდებათ. ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო რეპეტიტორებსა და დამკვეთებს შორის, ანუ მშობლებს შორის ურთიერთობები ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. ყველა შემთხვევაში ეს ვერ იქნება განმარტებული, როგორც პედაგოგიური საქმიანობა და მათზე ამ მიმართულების შეზღუდვები ვერ გავრცელდება“, – აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.