გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია რუსეთისგან უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

04 დეკემბერი 2025, 12:37 72 ნახვა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დააბრუნონ გატაცებული უკრაინელი ბავშვები.

რეზოლუციას 91-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის, საქართველომ. რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის არიან აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი. რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნები მოსკოვისგან ითხოვენ, „უზრუნველყოს ყველა უკრაინელი ბავშვის დაუყოვნებლივი, უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს ან დეპორტირებულები არიან“. 

რუსეთმა და კიდევ 11-მა ქვეყანამ, მათ შორის, ბელარუსმა, ირანმა, ნიკარაგუამ, კუბამ და მალიმ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 57-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, სომხეთმა.

უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს ათი ათასობით ბავშვის რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გატაცებაში ოჯახის ან მეურვეების თანხმობის გარეშე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში