განზრახ მკვლელობის საქმე

03 დეკემბერი 2017, 00:00 2317 ნახვა

თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ბრალდების მხარეს პროკურორი ინგა გუგუშვილი წარმოადგენს. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა რა დროსაც ბრალდებულმა დაღუპულს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მეორე დაჭრილი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. ძებნილი და დაკავებული პირი სავარაუდოდ პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის #51-ე საჯარო სკოლამ სადაც ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. ფაქტი 1 დეკემბერს თბილისში ვერაზე მოხდა.

ამავე კატეგორიაში