241 ახალი შემთხვევიდან ძირითადი ნაწილი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია - ნინო ნიჟარაძე

01 ოქტომბერი 2020, 12:12 1101 ნახვა

აჭარაში დღეს კორონავირუსი კიდევ 241 ადამიანს დაუდასტურდა. რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახლო კონტაქტების ტესტირება ბინაზე ხდება. 

ნინო ნიჟარაძის თქმით, ინფიცირებულებს შორის არიან სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები.

''241 ახალი შემთხვევა ნიშნავს 241 ახალ კერას. ესენი გახლავთ ძირითადად უკვე დადასტურებული შემთხვევების მქონე ახლო კონტაქტები. გამსვლელი ბრიგადები მუშაობენ და ხდება მოქალაქეების ბინაზე გატესტვა. აღნიშნული კვლევების შედეგადაა გამოვლენილი ამ რაოდენობის ინფიცირებულები. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ტესტირება ტარდება იმ ჯგუფებში, რომლებიც მაღალი რისკის შემცველია.

ყველა უწყებაში, სადაც დადასტურებული შემთხვევაა ეპიდემიოლოგების ჩართულობით ხდება ახლო კონტაქტების მოძიება, მხოლოდ მათი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, სადეზინფექციო სამუშაოები და ამის შემდეგ აგრძელებს ეს დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. სიტუაცია არის აბსოლუტურად კონტროლირებადი.

ინფიცირების შემთხვევების ზრდა მიუთითებს იმას, რომ ​რისკ-ჯგუფზე ვმუშაობთ, საიდანაც არის მოლოდინი დადასტურებული შემთხვევების გამოვლენის.

ინფიცირებულებს შორის არის სამედიცინო პერსონალიც, მაგრამ არ არის დიდი რაოდენობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული სამედიცინო პირის პირადი უსაფრთხოება უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. ამისთვის სამინისტროს მიერ შესყიდულია დიდი რაოდენობით პირადი უსაფრთხოების საშუალებების მარაგი, რომელიც კოვიდ კლინიკებს, ცხელების ცენტრებს და სხვა სამედიცინო დაწესებულებებს გადაეცემათ'' - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. 

მინისტრის თქმით, რა სახის შეზღუდვები დაწესდება რეგიონში, ამას საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში