დელფინარიუმთან, სანაპირო ზოლში, კომპანიებს კიდევ ორი ცათამბჯენის მშენებლობა სურთ 

12 ნოემბერი 2021, 16:41 1624 ნახვა

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, ბათუმის მერიაში, სამშენებლო პროექტების განაშენიანების დეტალური გეგმის საჯარო განხილვა. კომპანიები რუსთაველის №44-ში, დელფინარიუმის მოპირდაპირე მხარეს, ცათამბჯენების მშენებლობას გეგმავენ. მრავალფუნქციური კომპლექსები დაახლოებით 55-55 სართულიანი იქნება და ის სასტუმროების - ''ჰილტონისა'' და ''ალიანსის'' გვერდით აშენდება. აღნიშნულ მონაკვეთში, ორი თავისუფალი მიწის ნაკვეთია.

მერიაში განხილვას კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქის ურბანული განვითარების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები ესწრებიან. საზოგადოება ''ბათომის'' წევრი ირმა ზოიძე დაინტერესდა, რატომ არ ელოდებიან კომპანიები ბათუმის გენერალური განაშენიანების გეგმის დამტკიცებას. 

"რატომ არ ხელმძღვანელობთ კანონის პირობით, რომ ისარგებლოთ გენერალური განაშენიანების გეგმის მოთხოვნით, რომელიც უპირატესია და რატომ აძლევთ კერძო პირს? ფული აიღეთ თუ რაშია საქმე? აბა სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს, რომ არ დაელოდეთ ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ასევე კანონით არის გაწერილი და ითხოვს თქვენგან, რომ ამით ხელმძღვანელოთ? გავიგეთ, რომ არ არის, მაგრამ ძალიან მალე იქნება და მერე რას აპირებთ? რატომ არ არის ეს საფუძველი იმისთვის, რომ თქვენ თხოვოთ მენაშენეს  დაგელოდოთ, რომ ეს დოკუმენტი იქმნება. ამაში ფული იხარჯება, ხალხის ფული,  დოკუმენტი რისთვის გინდათ, გადასაგდებად?"- განაცხადა ირმა ზოიძემ.

შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ სანამ ქალაქის გენერალური გეგმა არ იქნება მერიამ მსგავსი მრავალსართულიანი კომპლექსების მშენებლობაზე ნებართვა არ უნდა გასცეს. მერია კი განმარტავენ, რომ კომპანიებმა გენგეგმის ჯგუფთან უნდა ითანამშრომლონ, რასაც პირობაში ჩაუდებენ. 

მერიის ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობის დაინტერესებული კომპანია ‐ შპს „ვესტინვესტი“ და შპს „ბრიტიშ დეველოპმენტია''. 

ინიციატორის განმარტებით, აღნიშნულ ობიექტში 25 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

ბათუმის მერიის ვებგვერდზე ვკითხულობთ: ''კომპანიის მიერ წარმოდგენილია გეგმარებით ერთეულში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი, რაც მოიცავს: მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, რაც უზრუნველყოფს საპროექტო კომპლექსის ვიზუალურ, მოცულობით, არქიტექტურულ და ქალაქგეგმარებითი მნიშვნელობიდან გამომდინარე მოცემული ადგილის განვითარებას, რისთვისაც საჭიროა განაშენიანების ინტენსიობის კ2 კოეფიციენტის გადამეტება. დაინტერესებული პირი განმარტავს, რომ პროექტირების განხორციელების მთავარი მიზანი არის აღნიშნული კვარტლის, როგორც არქიტექტურული, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, მათ შორის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ერთიანი კონცეფციით განვითარება''. 

ორივე პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს მოუწევს. გარდა ამისა, აუცილებელია პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაც შეთანხმდეს, რადგან მიწის ორივე ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია.

 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში