დოლარი 3-ლარიან ნიშნულს ჩამოსცდა

04 თებერვალი 2022, 18:06 1738 ნახვა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9867 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0312 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4248 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4042 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0206 ლარი შეადგინა.

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ აბესაძე ამბობს, ლარის გამყარება ეროვნული ბანკის ბოლო ვაჭრობისა და რეზერვების ეკონომიკურ მიმოქცევაში გაშვების შედეგია.

მისივე შეფასებით, გამყარებას ამ ეტაპზე მოკლევადიანი ეფექტი ექნება და ის ფასების კლებაზე არ აისახება.

ეკონომისტის განმარტებით, გრძელვადიანი ეფექტისთვის ამ პროცესს უცხოური ინვესტიციების შემოდინება უნდა მიებას.

"ეს არის ცალსახად პოზიტიური მოვლენა და გამოწვეული იმით, რომ ევროპული ბანკის ბოლო ვაჭრობის შედეგად პოზიტიური შედეგები დადგა, პარალელურად ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არის რეკორდულ მაქსიმუმზე და იწყებს ამ რეზერვების გაშვებას ეკონომიკურ მიმოქცევაში. ეს არის სწორი გადაწყვეტილება. არ მინდა, რომ მოსახლეობას ცრუ მოლოდინები შევუქმნა.

გამყარება იქნება ამ ეტაპზე მოკლევადიანი ეფექტის მქონე. გრძელვადიანი ეფექტის შემთხვევაში ამას თუ არ მოჰყვა სტაბილური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და თუ არ შემოვიდა უცხოური ვალუტა ქვეყანაში, დოლარი სამწუხაროდ კვლავ გაიზრდება.

ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯს უნდა მიჰყვეს, რაც შეიძლება სწრაფად, უცხოური ვალუტის შემოდინება ქყვეყანაში. ეს არის გამოსავალი. მთავრობა და ეკონომიკური გუნდი ვალდებულია მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით იმუშაოს უცხოური ვალუტის შემოტანაზე ქვეყანაში. ერთადერთი პანაცეა ინფლაციის ეს არის, ვინაიდან ვალუტის კურსი განსაზღვრავს საქართველოში საკვებისა და მომსახურების ფასებს, შესაბამისად თუ კურსი არ დასტაბილურდება ფასების ზრდა გაგრძელდება.

ვალუტის კურსის კლება ამ ეტაპზე არ გამოიწვევს ფასების კლებას, ეს ილუზია ნუ ექნება მოსახლეობას. გამოიწვევს მხოლოდ ფასების ზრდის გარკვეული ტემპის შეჩერებას. ეს კლების ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს, რომ მივიღოთ რაღაც ოპტიმალური შედეგი",- განაცხადა ოთარ აბესაძემ

საქართველოში ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურება კორონავირუსის პანდემიის დროს დაიწყო. პირველად დოლარი 3-ლარიან ნიშნულს 2020 წლის 17 მარტს გადასცდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში