ჯიქიას ქუჩაზე პოლიციის ქალაქი აშენდება - პრემიერი

18 აპრილი 2022, 11:36 2757 ნახვა

ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, პოლიციელები 1 კვადრატულ მეტრს 100 დოლარად მიიღებენ, დანარჩენს კი სახელმწიფო დაფარავს.

„ჩემი დიდი სურვილია და ბატონი მინისტრის, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტს დავიწყებთ წელს, უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ადგილიც შერჩეულია. ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც მანამდე განთავსებული იყო პოლიციის ქვედანიშნულების ბაზა. იგი გადატანილი იქნება სხვა ადგილას. ასე, რომ ამ ადგილზე აშენდება 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი - პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ჩვენ ავაშენეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ჩემი მინისტრობის დროს. გახსოვთ, 1000-ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომელიც წელს სექტემბერში ჩაბარდება ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთივე, ანალოგიური ქალაქი აუშენდება პოლიციელებს. პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ 1კვ.მ ფართობზე 100 დოლარის ექვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ კადეტთა ლიცეუმი თბილისშიც აშენდება.

"გვინდა, რომ კადეტთა ლიცეუმი აღმოსავლეთ საქართველოშიც ავაშენოთ. მოგეხსენებათ, რომ ერთი კადეტთა ლიცეუმი უკვე არსებობს ქუთაისში, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. გვინდა, რომ ანალოგიური კადეტთა ლიცეუმი თბილისშიც, კრწანისის რაიონში ავაშენოთ. ეს იქნება ახალგაზრდების, პატრიოტული სულისკვეთების, სამხედრო აღზრდის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში