ჯგუფი სინათლის წელიწადი - გიგი გეგელაშვილი

22 ოქტომბერი 2025, 13:44 21 ნახვა

ჯგუფი სინათლის წელიწადი - გიგი გეგელაშვილი

გიგი გეგელაშვილის მუსიკალური კარიერა, ოჯახური წინაპირობებიდან გამომდინარე (მისი დედა მომღერალი ინგა ბერაძე გახლავთ), ადრეული ასაკიდან დაიწყო. თუმცა პროფესიის არჩევისას მან მსახიობობა გადაწყვიტა.
მოგვიანებით მუსიკის ძალამ თავისი ქნა და გიგი მიუბრუნდა საყვარელ სფეროს - მეგობარ დავით ყეინაშვილთან (ფორტეპიანო, კლავიშები) და ზაზა ცერცვაძესთან (დრამი) ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი. გიგის იმ დროისთვის ინსტრუმენტული კომპოზიციების წერა ქონდა დაწყებული და რეპერტუარიც მათგან შედგებოდა. მათი პუბლიკის წინაშე გატანის საშუალებაც (ორი ვიოლინოსა და ჩელოს დამატების შემდეგ) ახალბედა მუსიკოსებს მალევე მიეცათ. ეს მოხდა 2004 წელს - ასე შექიმნა ჯგუფი „სინათლის წელიწადი“.  მალევე სადებიუტო ალბომის მასალაც შეგროვდა და მისი პრეზენტაცია ცოცხალი შესრულებით შედგა თბილისის კლუბ „ნოა-ნოაში“. ეს კონცერტი ჩაიწერა და გამოიცა ალბომი „გზა ცისკენ“.
მორიგი ვრცელი ალბომის „თაობა 21-ე“ წარმდგენი კონცერტი 2006 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა - აქ ჯგუფის წევრების გარდა სიმფონიური ორკეტრიც იქნა მოწვეული. თუმცა ამ ალბომის ჩაწერა 2009 წლის ცოცხალი შესრულებისას მოხდა.
მომდევნო, მესამე ალბომის გამოცემამდე დიდი დრო გავიდა - ინგლისურენოვანი, სტილისტურად განსხვავებული Steps To Life 2016 წელს ჩაიწერა. ამ ნამუშევრის განსხვავებულობა ჯგუფში ცვლილებებმაც განაპირობა.
მომდევნო 2017 წელს გიგი გეგელაშვილმა ჯგუფის წევრებთან ერთად ახალი ალბომის მასალაზე მუშაობას შეუდგა, თუმცა ეს პროცესი გაიწელა და შეფერხდა.
2021 წელს „სინათლის წელიწადმა“ ექსპერიმენტულ ინსტრუმენტულ ალბომზე იმუშავა, რომელიც ცოცხალი შესრულებით ჩაიწერა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გამოქვეყნებულა.
ამჟამად ჯგუფი ასრულებს 2017 წელს დაწყებულ ალბომზე მუშაობას, რომელიც მეხუთე იქნება მის დისკოგრაფიაში.