ზაზა ხალვაშის ფილმი ''ნამე'' ტოკიოს კინოფესტივალზე

27 სექტემბერი 2017, 00:00 12684 ნახვა

ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე” ტოკიოს 30-ე კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ რეჟისორმა სცენარი ფილმად აქცია და გადაღებები დაასრულა.  „სცენარი 2010 წელს დავწერე, მას შემდეგ ვიყავი ძიებაში, რომ დაფინანსება მომეპოვებინა, და ეს ჩემი ჩანაფიქრი ეკრანზე გადამეტანა. 2016 წელს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება მივიღე და  მუშაობას შევუდექი“ - იხსენებს ზაზა ხალვაში.

რეჟისორმა ფილმისთვის ძირითადად არაპროფესიონალი და დებიუტანტი მსახიობები შეარჩია. ფილმში ასევე ხულოს სახელმწიფო თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

 „ძალიან საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ არაპროფესიონალი მსახიობები მოვიწვიე. მთავარი როლის შემსრულებელი მარისკა დიასამიძეა, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ეს დიდ კინოში მისი დებიუტია. რამდენად უცნაური არ უნდა იყოს ერთ-ერთ მთავარ როლზე ჩემი ბავშვობის მეგობარი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ალეკო აბაშიძე მოვიწვიე. მან ძალიან დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი  სახე შექმნა. უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებმაც ფილმი წინასწარ ნახეს, ალეკო აბაშიძის დიდ სამსახიობო ოსტატობაზე ისაუბრეს. ფილმში ხულოს დრამატული თეატრის მსახიობები რამაზ ბოლქვაძე, ედნარ ბოლქვაძე, როინ სურმანიძე, თეა ქამადაძე და ლაშა აბულაძე მონაწილეობენ“ - ამბობს ზაზა ხალვაში.

მოქმედება აჭარის მაღალმთიანეთში ხდება. რეჟისორი ძველ ქართულ მითოლოგიაზე დაყრდობით ერთი ოჯახის ისტორიას აცოცხლებს, სადაც მამა ქალიშვილი და სამი ძმა, მღვდელი, მოლა და ათეისტი ცხოვრობენ. გოგონა ზებუნებრივი ძალითაა დაჯილდოებული.  სოფელში ყველა გაჭირვებულს ეხმარება და ავადმყოფებს კურნავს.

ფილმი “ნამე” ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტი და საქართველო-ლიტვის ერთობლივი ნამუშევარია.

სცენარის ავტორი და რეჟისორი ზაზა ხალვაში ამბობს, რომ ფილმმა ფრანგი სპეციალისტების მაღალი შეფასება მიიღო და მათი შუამდგომლობით ნამუშევარი პრესტიჟულ კინოფესტივალის პროგრამაში მოხვდა.

„არის ასეთი კომპანია „ალფავიოლეტი“, რომელიც ფილმების დისტრიბუციითაა დაკავებული. ჩვენი ფილმი მოეწონათ, გაფორმდა ხელშეკრულება და „ნემე“ ტოკიოს კინოფესტივალზე ძირითად საკონკურსო პროგრამაში აღმოჩნდა, რაც ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულოა“ _ აცხადებს ზაზა ხალვაში.

ამავე კატეგორიაში