ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ცნობილი ფეხბურთელები გამოეხმაურნენ

08 სექტემბერი 2022, 10:20 1591 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა. "ნაპოლიმ" იურგენ კლოპის "ლივერპული" 4-1 დაამარცხა.

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა გააკეთა და ასევე კიდევ 2 საგოლე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა.

კვარაცხელიას თამაშს წარსულში ცნობილი ფეხბურთელები გამოეხმაურნენ. ინგლისელმა ლეგენდამ და ოქროს ბურთის მფლობელმა მაიკლ ოუენმა ქართველი აქტიურობა აღნიშნა.

"არ დაგვავიწყდეს, რომ ნაპოლიმ პენალტი ვერ გაიტანა და ბურთი ძელსაც გაარტყა. ლივერპულის დაცვის მარჯვენა ფლანგი კვარაცხელიამ დაანაწევრა და "ლივერპულის" კარში მესამე გოლიც ამ ზონიდან გავიდა", - აცხადებს ოუენი.

კვარაცხელიას თამაშით მოიხიბლა ჩემპიონთა ლიგის 4 გზის გამარჯვებული კლარენს ზეედოლფიც, რომელმაც ხვიჩას საფეხბურთო თვისებებს ხაზი გაუსვა.

​"ამ საღამოს "სტადიო მარადონაზე" დავინახეთ ყველა ის ასპექტი, რასაც ამ ნაპოლისგან ვითხოვდით. კვარაცხელიას მტკიცე ხასიათი და სითამამე აქვს. მათ კიდევ შეეძლოთ მეტოქისთვის საფრთხის შექმნა",- აცხადებს ზეედოლფი. 

"ნაპოლის" და "პსჟ"-ს ყოფილმა შემტევმა ეზეკიელ ლავეცმა, აღნიშნა, რომ კვარაცხელიამ მაღალი ხარისხის თამაში ჩაატარა.

"კვარაცხელიამ დიდებული და მაღალი ხარისხის თამაში ჩაატარა, ისევე, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელმა, მაგრამ მან უშიშრად ითამაშა. ამ ბიჭს კლასი და ტექნიკა აქვს",- აცხადებს ლავეცი.

​ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მაღალი ქულებით შეაფასა იტალიურმა მედიამაც.

  • "Calcionapoli" 8 ქულა;
  • "Tuttonapoli" 8 ქულა;
  • "Calciomercato" 7.5 ქულა;

ხვიჩას მომდევნო მატჩი უკვე სერია A-ს ეგიდით ელოდება. "ნაპოლი" 10 სექტემბერს სახლში "სპეციას" მიიღებს. ჩემპიონთა ლიგაზე კი 13 სექტემბერს გასვლაზე "რეინჯერსს" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში