ვაგრძელებთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესრულებას და ამ სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს - ირაკლი ქარსელაძე

21 ნოემბერი 2022, 15:57 393 ნახვა

ვაგრძელებთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესრულებას და ამ სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. დღეს დავამტკიცეთ საბიუჯეტო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტების შემოსულობების თანმიმდევრული ზრდა ძლიერი თვითმმართველობისთვის,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტით, ცვლილებების ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის პირველი იანვრიდან და შედეგად, ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტის შემოსულობები მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვიდან.

"იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებისა და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა მიიღონ დამატებითი შემოსავალი ქონებიდან, რომელიც არის მათ ტერიტორიაზე, ცვლილებები კოდექსში იქნება შემდეგი სახის: სახელმწიფო მიწის იჯარაში და მართვაში გადაცემიდან 15 პროცენტული ერთეულით გაიზრდება ბიუჯეტებს შორის გადანაწილება (ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ) და შესაბამისად, დღეს არსებული გადანაწილების (65/35-ზე) ნაცვლად იქნება – 2023 წელს – 60/40 -ზე; ხოლო 2024 წელს – 50/50-ზე.

2024 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან 25 პროცენტული ერთეულით გაიზრდება ბიუჯეტებს შორის გადანაწილება და შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლის უკვე 90% დარჩება, ნაცვლად არსებული 65%-სა. ასევე, 2024 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვებიდან 10%-იანი მატება იქნება კვლავ მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი გახდება უკვე 60%, ნაცვლად არსებული 50%-ისა. ასევე, 2024 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივები, შენობა-ნაგებობები და არასასოფლომიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გაყიდვიდან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ მიემართება დამატებით 5%, რომელიც ნაცვლად 35%-ისა უკვე 40% გახდება. ეს არის ის წარმატებული პრაქტიკა, რაც ჩვენ დეცენტრალიზაციის სტრატეგიით უკვე გვაქვს განსაზღვრული და გეგმაზომიერად ვახორციელებთ“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში