მედიაში ოპოზიციური პარტიების წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების ფარული აუდიოჩანაწერები გავრცელდა

08 მაისი 2024, 14:18 288 ნახვა

სააგენტო for.ge-ს მიერ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერები ვრცელდება.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილი სავარაუდოდ აქციებთან დაკავშირებით საუბრობენ.

ჩანაწერის მიხედვით, ნატა ფერაძე ამბობს: „ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი ჩვენი სტრატეგიით არის ვერის ბაღი და გეტყვით, რატომ. ვერის ბაღიდან ნაწილს შეუძლია, ჩავიდეს, სანაპიროც გადაკეტოს, ნაწილს შეუძლია, გმირთა მოედანი გადაკეტოს, ნაწილს – მელიქიშვილი და ვაკე გადაკეტოს“.

ლაშა ფირცხალაიშვილი კი ამბობს: „ეს დაკავებებიც არის პროცესის ნაწილი, რომელიც აუცილებელია, ჩემი აზრით რომ მოხდეს, ვიღაცა თვალს დაკარგავს, ვიღაცა ერთი წელი ჩაჯდა, აგერ ლაზარე ციხეში, ვიღაცას დაიჭერენ და მოკლედ, ოქეი არის ეს ჩემთვის და მე ვეცდები, რომ პირადად ჩემი თავი არ დავაჭერინო“.

მანამდე სააგენტო For.ge-მ კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აქციებთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს: „არავინ იქნება ჩვენი გამჩერებელი, შანსი არ არის“.

„ჩვენ ისე მოვბილიზდეთ, რომ ყველა თავისი ფეხით მოვა, დაინახავენ, რომ აქეთკენ არის პროცესი… ვერ დაგიჭერენ. 30 000 კაცი ნიშნავს, რომ შეგიძლია, 10 000 კაცი პარლამენტთან დააყენო, 10 000 კაცი დააყენო … და რაც აქვს სახელმწიფო რესურსი, მაგ ორ ადგილზე მოუწევს მობილიზება. 10 000 კაცით წახვალ და სადმე სხვაგან შეხვალ. 30 000-ზე ბევრად მეტი იყო, მაგრამ რისთვის იყო გამოსული, არავინ იცოდა. ეს ხალხი გამოსული იყო იმის გამო, რომ გაბრაზდნენ, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრა, ეგ გასაგები იყო, მაგრამ არავინ იცოდა, ამის იქით რაზე იყო წამსვლელი. ახლა ვინც ხართ აქ, გამოსული ხართ ის ხალხი, ვინც მე მომისმინეთ, რომ ვთქვი, ქუჩა, პროტესტი, პარალიზება არის გზა და ამიტომ ხართ მოსული"- ამბობს  ჩანაწერის მიხედვით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ასევე, for.ge-მ გაავრცელა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი  ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის. ერთ-ერთ ჩანაწერში კი, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან პაველ ჰერჩინსკის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში