ავარია ბათუმში - ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის, ერთი ფეხმძიმე და არასრულწლოვანი ბავშვია. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს. მათივე ცნობით, ნაყოფისა და ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
რაც შეეხება არასრულწლოვანს, იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და უტარდება საჭირო კვლევები.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსიც, #1 სამარშრუტო ხაზი. ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელის, ლევან ლაზარიაშვილის ცნობით, შემთხვევისას მგზავრები და მძღოლი არ დაშავებულან.
ავტოსაგზაო შემთხვევა ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.