ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი შაჰინ შიხლინსკი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. შიხლისკისთან ერთად დაკავებული იყო მისი შვილიც, რომელიც ასევე მოგვიანებით გაათავისუფლეს.
დაკავებისას ძალოვნებმა შიხლინსკის მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს, ძალით გადმოათრიეს და ხელბორკილები დაადეს. დაკავების ფორმალური მიზეზი უცნობია. შიხლინსკის შვილის განცხადებით, დაკავება რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განახორციელა.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დაკავებისას ორი აზერბაიჯანელის წამების და მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.
აზერბაიჯანის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ძმები ზიადინ და ჰუსეინ საფაროვები პოსტტრავმატული შოკით დაიღუპნენ, რომელიც სხეულის დაზიანებებით იყო გამოწვეული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით, ერთ-ერთი დაკავებული გულის უკმარისობისგან გარდაიცვალა.
რუსეთში ორი აზერბაიჯანელის დაღუპვისა და ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების მასობრივი დაკავების ფაქტმა ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დაძაბა. ამის შემდეგ აზერბაიჯანში რუსული კულტურული ღონისძიებები და რუსი მაღალჩინოსნების აზერბაიჯანში ვიზიტები გაუქმდა.
პარალელურად კი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მან ალიევს მადლობა გადაუხადა უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.