საბა ჯიქიას განაჩენი

10 ივლისი 2025, 17:55 134 ნახვა

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 19 წლის საბა ჯიქია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე საბა ჯიქია თავს დაესხა შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ფეხი დაარტყა ძირს დავარდნილ პოლიციელს.

სხდომაზე მოსამართლემ თქვა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ პირი, რომელმაც პოლიციელს ფეხი ჩაარტყა, საბა ჯიქია იყო.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი პირების უკმაყოფილება მოყვა.

განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა. მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში