ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლობის პერსპექტივები რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
უწყების ინფორმაციით, ხაზი გაესვა იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ვაჭრობაში არსებობს.
აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - 2025 წლის იანვარი - მაისის მონაცემებით, აზერბაიჯანში საქართველოს ექსპორტი 12 პროცენტით გაიზარდა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული პროექტების განხორციელების ხელშეწყობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სექტორში.